
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
შანკევანი, საგურამო
ვილის კონცეფციის შემუშავებისას, ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა პროექტი, რომელშიც ჰარმონიულად იქნებოდა ერთმანეთთან შერწყმული ბუნება და საცხოვრებელი გარემო. ერთი შეხედვით მკაცრი, სწორხაზოვანი არქიტექტურა დაბალანსებულია თბილი, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალებით და დეკორატიული ელემენტებით, რაც პროექტს კომფორტულსა და მყუდროს ხდის, ასევე ქმნის ფუნქციურად გამართულ და მოსახერხებელ საცხოვრებელ სივრცეს. ვილის გეგმარება ფართო გარე ტერასებით და გარე აუზით ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრირების საშუალებას იძლევა. ვილის არქიტექტურის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია ორმხრივი ბუხარი, რომელიც ფუნქიასთან ერთად საინტერესო დიზაინის ელემენტს წარმოადგენს როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. აღსანიშნავია, ტერასაზე განთავსებული ბუნებრივი გამწვანება, რომელიც არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად აღიქმება. კომპოზიტური ხის მასალის და მინის კომბინაციით შექმნილი ტერასის გადახურვა საინტერესო შუქ-ჩრდილებს წარმოქმნის და დღის სხვადასხვა მონაკვეთში ტერასას დინამიურ იერსახეს სძენს.
ვილა განლაგებულია 831 მ² ფართობის ზომიერად ქანობიან მიწის ნაკვეთზე, სკვერის და საზოგადო სივრცის მომიჯნავედ. ვილა მოიცავს 277 მ² ფართს და მორგებულია მზარდი ოჯახის მოთხოვნებზე. სახლის განლაგება ფართო გარე ტერასებით ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრირების საშუალებას იძლევა. სწორხაზოვანი ფორმები, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების კომბინაცია და გარემოსთან ორგანულად შერწყმული არქიტექტურა აყალიბებს განსაკუთრებულ იერსახეს.